Monday, May 21, 2012

„ასდოლარიანის“ 13 სათნოება

ლევან ლორთქიფანიძე
მრავალი ადამიანი საკუთარ არასახარბიელო ყოფასა და წარუმატებლობას უსახსრობასთან, გაჭირვებასთან აკავშირებს. აქედან გამომდინარე, ბევრის ოცნების საგნად, მხოლოდდამხოლოდ, ფულია ქცეული, რომლის მთავარ სიმბოლოდ, გამოხატულებად ასდოლარიან კუპიურებს მიიჩნევენ. ზოგიერთს დასტა-დასტად უნდა მათი მოპოვება, ნაწილს კი, გამოტენილი ჩემოდნის სახით სურს მისი მიღება. ცოტა უფიქრდება, არავინ აკვირდება იმას, თუ ვინ არიან გამოსახული სანატრელ „ასდოლარიანზე“. მოჭუტული თვალებით მწვანე ქაღალდზე შესაძლებელია ბენჯამენ ფრანკლინის გვარის ამოკითხვა. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ იგი აშშ-ს რომელიმე პრეზიდენტი გახლავთ, მაგრამ დიდ მოაზროვნეებს, პატრიოტ მოქალაქეებს თანამდებობათა გარეშე შეუძლიათ ისტორიული პატივისა თუ სახელის მოხვეჭა. ზუსტად ასეთ ადამიანად უნდა მოვიაზროთ ბენჯამინ ფრანკლინი.


ღატაკი ხელოსნის ოჯახში გაზრდილი უმთავრეს ამერიკელ განმანათლებლად იქცა. ბენჯამენ ფრანკლინი ამერიკის განმათავისუფლებელ მოძრაობასაც მოთავეობდა, მას აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთ მთავარ თანაავტორადაც სამართლიანად მოიხსენიებენ, დიდი ხნის განმავლობაში იგი ამერიკულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ხელმძღვანელობდა „ბებერ კონტინენტზე“. 


გარდა პოლიტიკური საქმიანობისა, ფრანკლინი უსერიოზულესი საზოგადოებრივი მოღვაწეც გახლდათ, მან უამრავი სასარგებლო ნაბიჯი გადადგა ამერიკაში საგანმანათლებლო სფეროს განვითარებისა და  პუბლიცისტიკის ფართოდ გავრცელებისათვის. მან ელექტროფიზიკის დარგშიც მოახერხა წარმატების მიღწევა. მის სახელს უკავშირდება პირველი საჯარო ბიბლიოთეკის გახსნა ფილადელფიაში, პენსილვანიის უნივერსიტეტის დაფუძნება და ყველაზე ავტორიტეტული, მაღალტირაჟიანი ამერიკული პრესის გამოცემა. 40 წლის ასაკში კი,  მან მეხამრიდის გამოგონებაც კი მოასწრო.


ალბათ, მასზე ამიტომაც ამბობდნენ: „მან ზეცას მეხი და ტირანს ძალაუფლება გამოგლიჯაო“

მიუხედავად ასეთი მარავალმხრივი, წარმატებული და ყოვლისმომცველი საქმიანობისა, ფრანკლინის მთავარ მიღწევად და დანატოვრად, მაინც მის შეგონებებს ასახელებენ. ამერიკელმა განმანათლებელმა ღირსეული ადამიანისათვის აუცილებელი მახასიათებლები, 13 სათნოება გამოჰყო:
  •           თავშეკავება - არ ჭამო მოყირჭებამდე, არ დალიო დათრობამდე
  •           დუმილი - ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც სასარგებლო იქნება შენთვის ან სხვისთვის, თავი აარიდე ლაქლაქს
  •          წესრიგი - ყველა ნივთს მიუჩინე თავისი ადგილი, ყოველი საქმისთვის თავისი დრო გქონდეს
  •          გაბედულება - გადაწყვიტე შეასრულო ის, რაც გასაკეთებელია, განუხრელად შეასრულე ის, რაც გადაწყვეტილია
  •     მომჭირნეობა - ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის სიკეთე მოაქვს, არაფერში გაფლანგო
  •      სიბეჯითე - არ დაკარგო დრო ტყუილუბრალოდ, ყოველთვის რაიმე სასარგებლო საქმით იყავი დაკავებული, უარი თქვი ყოველ უსარგებლო მოქმედებაზე
  •     გულწრფელობა - არ იცრუო ბოროტად, გქონდეს წმინდა და სამართლიანი აზრები, საუბრის დროს მისდიე ამ წესს.
  •     სამართლიანობა - არავისმიაყენოზიანი, არჩაიდინო უსამართლობა და არ გამოგრჩეს ის კეთილი საქმეები, რომლებიც შენს მოვალეობაში შედის.
  •     ზომიერებამოერიდე უკიდურესობას, შეძლებისდაგვარად შეეცადე იყო მიმტევებელი.
  •     სისუფთავეარ დაუშვა სხეულის, ჩაცმულობის და ადგილსამყოფლის უსუფთაობა.
  •     სიდინჯეარ აგაღელვოს წვრილმანმა, ჩვეულებრივმა და გარდამავალმა ამბებმა.
  •     უმწიკვლობაიყავი ზნეობრივად წმინდა.
  •     თავმდაბლობამიბაძე ქრისტეს და სოკრატეს.
მგონი, ძალიან კარგი იქნება, როდესაც 100 დოლარიანი კუპიურა ჩაგვივარდება ხელში, მაშინ მაინც დავფიქრდეთ, ბენჯამენ ფრანკლინის მიერ ნამდვილი მოქალაქისათვის აუცილებელ თვისებებად მიჩეულ სათნოებებზე. არც ის იქნება ურიგო, თუ შეერთებული შტატების უკანასკნელი სიტყვებით მლანძრველ ქართველ პოლიტიკოსებსაც შევახსენებთ 13 დებულებას, რომელიცამერიკელმა მოაზროვნემ ირგვლივმყოფებზე ზრუნვის მიზნით გამოჰყო. ალბათ, სწორედ ფრანკლინის ამ საკმაოდ მარტივ და გასაგებ, პატარა ტექსტშია გადმოცემული ჭეშმარიტი ამერიკული ღირებულებები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ ყოველდღიურად გათვალისწინებასა და ღრმად გააზრებას.

Thursday, May 17, 2012

მე ინვალიდი ვარ

როდესაც საუბრობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, სულ მახსენდება რუბენ გალიეგოს აღნიშნული სტატია... იცით ალბათ, რომ ისიც ინვალიდია... შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რომელიც რუსეთში ბავშვთა სახლში გაიზარდა... და თუ როგორ პირობებში მაგაზე თავის წიგნში ” თეთრით შავზე”ყვება....

მე ინვალიდი ვარ. ინვალიდი, ხეიბარი მახინჯი, გლახაკი ჩენს დასახასიათებლად ყველა ეს სიტყვა გამოდგება. არცერთი არ არის სხვაზე უკეთესი ან უარესი. ინვალიდი კარგი სიტყვაა იგი ლექსიკონში, ყველა ხეიბრის, უმწეოს, უსმენოს და უსინათლოს, უფეხოსა და უხელოს, პარალიზებულის აღსანიშნავადაა შესული. კარგი სიტყვაა, მე მომწონს.

ყოველთვის მახსოვდა, რომ ინვალიდი ვარ, სხვებისგან განსხვავებული, როდესაც აშკარა დამცირებასა დაცინვას საკუთარ ტყავზე ვგრძობდი. ყოველ წუთას მახსენებდნენ და ახლაც მახსენებენ, რომ ჩვენი პატარა მწვანე პნალეტა ჩემნაირებისთვის არ არის შექმნილი, მე ზედმეტი ვარ, უცხო. ვიცოდი, რომ ნამდვილი უბედური და უიღბლო ვარ და მთელი ძალით ვცდილობდი გავმხარიყვავი ისეთი, როგორიც ყველაა, შევერთებოდი ჯანმთელთა და ბედნიერთა მეგობრულ ოჯახს. ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ეს ყოველივე სისულელეა. მთელი ჩემი არსებით შევიგრძენი, რომ ჩემი ინვალიდობა არც ისე დიდი პრობლემაა. ადრეც ვხვდებოდი, რომ ჯანმთელთა და ბედნიერთა მოდგმა ისეთივე უტიპიაა, როგორც უბედურთა და ინვალიდთა. ვიცოდი, ჩემი მეზობელი, დეიდა მაშა ჩემზე უკეთესად ან უარესად არ ცხოვრობდა. ვიცოდი, რომ ტკივილს საკუთარ თავს ჩვენვე ვაყენებთ, რომ ცხოვრება თავისთავად მშვენიერია.

არსებობენ სულელი და ჭკვიანი ადამიანები, არსებობენ ბედნიერები და არცთუ ძალიან ბედნიერები. ადამიანები განსახვავებულნი არიან. ზოგიერთ მათგანს ხელ ფეხი არ აქვს ზოგი ვერ ხედავს, არ არ ესმის, ზოგს ინვალიდის ეტლი სჭირდება, ზოგს კი სანიტრები არჯულებენ ხოლმე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. არსებობენ ჯანმთელი ინვალიდებიც, მაგრამ ზღვარი ამ ადამიანიბს შორის ძალიან ძნელი დასანახია. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ჩვენი ოცნებები, მისწრაფებები, სურვილები ერთმანეთის მსგავსია, და რთულია ჩვენი მკაცრად დაყოფა-დანაწილება სახეობებად და ქვესახეობებად.

მე ინვალიდი ვარ. მაგრამ დანარჩენი ადამინებისგან ყველაზე მეტად ინვალიდობა არ განმასხვავებს. მე ინვალიდი ვარ. ინვალიდობა ჩემი ნაწილია. ჩემი განსხვავებულობის უარყოფა სისულელეა. კიდევ უფრო სისულელეა უარყო სიტყვები. სიტყვები იბადებიან და იხოცებიან, ისევე როგორც ადამიანები. სიტყვები იცვლიან მნიშვნელობას, ბერდებიან, ხუნდებიან. სიტყვების უარყოფა სისულელეა, ისევე როგორც ადამიანების უარყოფაა სისულელე. ადამიანები არსებობენ და მორჩა. ეს მოცემულობაა, ცხოვრების რეალობა. სიტყვა "ინვალიდი” არაფრით არ არის აღმნიშვნელზე უკეთესი ან უარესი.

შესაძლებელია იეშმაკო ქვეშიდან გამოძვრე, საგნებს სხვა სახელები დაუძახო, მაგრამ ეს არაფერს შველის. სხვაგვარად არ გამოდის, ან უარესი გამოდის - ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი”.

შევეცადოთ მოვძებნოთ ანტონიმი. სკოლაში გვასწავლიდნენ საპირისპირო მნიშნვნელობის სიტყვების მოძიებას. თუ სტივ უანდერი ბრმაა, მე ვხედავ. თუ სტივ ჰოკინგი გენიალური ფიზიკოსია, მე საშუალო მონაცემების მქონე ფიზიკოსი ვარ. უფრო პატიოსნად რომ ვთქვა, საერთოდ არანაირი ფიზიკოსი არ ვარ, და არც მუსიკოსი. ყველაფერი მარტივია, ცხადი და გასაგები. ყრუ ბეთხოვენმა დაწერა მუსიკა, რომლის მსგავსაც ვერავინ ვერასოდეს ვერ დაწერს. ბეთხოვენის შესაძლებლობები უსაზღვრო იყო. ბეთხოვენის მუსიკის შემოსაზღვრა სიკვდილმაც კი ვერ შესძლო.

პრეზიდენტი რუზველტი ინვალიდი იყო. ეს ფაქტია. მაგრამ ვინ დადგება მის საპირწონედ ისტორიის სასწორზე? აბა სცადეთ, თანამედროვე პრეზიდენტთაგან მას ბადალი მოუძებნე!

სტივ ჰოკინგი ინვალიდი იყო. ეს ფაქტია. მაგრამ ვინ გაეჯიბრება მას? მხოლოდ ნიუტონი. ნიუტონი არ იყო ინვალიდი. ჰოკინგი ინვალიდია. მერე რა? ვინ უწოდებს ჰოკინგს ადამიანს “შეზღუდული შესაძლებლობებით” მაინტერესებს, თუ ჰოგინგისა და ნიუტონის შესაძებლებები შეზღუდუალია, ვიღასია უსაზღვრო?

იყო თუ არა ჰომეროსი ინვალიდი? არ ვიცი. არავინ არ იცის. ფილოლოგები თავს იკლავენ ამის გამოსაცნობად. პირადად ჩემთვის არ არის საინტერესო, ხედავდა თუ არა ჰომეროსი. საუკუნეებისა და ძველ ბერძნული ენის გავლით ჩემმამდე მისმა პოემებმა მოაღწია. საუკუნეებისა და ძველი ბერძნული ენის შემდეგ, ისეთი წვრილმანი, როგორც მხედველობაა, აზრს კარგავს. იყო ჰომეროსის შესაძლებლობები შეზღუდული? რა თქმა უნდა იყო. მაგრამ არც მეტად არც ნაკლებად, ვიდრე მისი სხვა თანამედროვეებისა.

მე ინვალიდი ვარ. არ შემიძლია და ვერც ვერასოდეს შევძლებ დამოუკიდებლად დავლიო ჭიქა წყალი. და ამ წვრილმანის გამო ვინმეს უფლებას მივცემ შეზღუდული შესაზლებლობები პირი მიწოდოს? არასდროს.

მე ინვალიდი ვარ. ჩემი შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, შეზღუდულია. ამ ქვეყნად ყველა არსების შესაძლებლობები შეზღუდუალია. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. მაგრამ არაზუსტი ფორმულირების გამო, დანარჩენი სამყაროსგან გამოყოფას არ ვაპირებ. არ მსურს რამე სხვა, უკეთეს სახელს მარქმევდნენ. მინდა მიღებდნენ არ უარმყოფდნენ სწორედ როგორც ინვალიდს. მინდა ვიყო ის, ვინც ვარ და მიწოდებდნენ იმას, რაც ვარ.

მე ინვალიდი ვარ, სამწუხაროდ. რა თქმა უნდა მირჩევნია არ ვიყო ინვალიდი, შევიცვალო, გავხდე ისეთი, როგორიც სხვები არიან მაგრამ ეს შეუძლებელია. ისეთი ვარ, როგორიც ვარ. სიტყვა "ინვალიდი" ნორმანული სიტყვაა. არაფრის შეცვლა არ არის საჭირო. მოდი, სიტყვას ნუ შევცვლით.

მე ძალიან მინდა რომ სიტყვა "ინვალიდი" არ აშინებდებს და აფრთხობდეს ადამიანებს. მჯერა, ეს შესაძლებელია. ძნელია, მაგრამ სრულიად შესაძლებელი ადამიათა საზოგადოებისთვის.

გარდა ამისა, მინდა, რომ სიტყვა "ინვალიდს" ხშირად ამატებდნენ ისეთ სიტყვებს როგორიცაა: "პანდუსი", "ლიფტი", "ტროტუარი', "ავტობუსი", "ტაქსი", "მეტრო', "თეატრი" - მარტივ და გასაგებ სიტყვებს.
P.S.

"ეს წიგნი ჩემს ბავშვობაზეა - სასტიკზე, საშინელზე, მაგრამ მაინც ბავშვობაზე. სამყაროსადმი სიყვარული რომ შეინარჩუნოს, გაიზარდოს და დაკაცდეს, პატარას ცოტა რამ სჭირდება - სალის ნაჭერი, ძეხვიანი ბუტერბროდი, ფინიკი, ლურჯი ცა, რამდენიმე კეთილი წიგნი და თბილი სიტყვა. ეს საკმარისია, საკმარისზე მეტიც."
რუბენ გალიეგო

ვისაც არ წაგიკითხავთ... წაიკითხეთ

Friday, May 11, 2012

„დევიდ გეილის ცხოვრება“ ანუ რას დათმობდით თქვენი უზენაესი იდეალისთვის?


          ყველა ადამიანს მეტ-ნაკლებად რაღაც იდეალები გვამოძრავებს. რას დათმობდით თქვენი უზენაესი იდეალისთვის? დროს? კარიერას? ოჯახს? სიცოცხლეზე რას იტყვით?
უნდა გამოვტყდე, რომ ფილმების ყურება არ მიყვარს. თუ მაინც დავიწყებ, პარალელურად ათას საქმეს ვაკეთებ და ფილმს ასჯერ ვახვევ, რომ მალე დამთავრდეს. იმ დღესაც 304-ე აუდოტორიაში მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით გამოვცხადდი, რადგან პარასკევობით კინოჩვენებები კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ნაწილია. „დევიდ გეილის ცხოვრების“ ყურების დროსაც მინდოდა, გადამეხვია. აუტანელი სურვილი მქონდა, მაუსი გამემოძრავებინა და დამენახა, რამდენი წუთი იყო დარჩენილი, თუმცა არა იმიტომ, რომ ფილმი მოსაწყენი იყო, უბრალოდ, ასე ვარ მიჩვეული.

ეს ფილმი ცხოვრება“ სიკვდილით დასჯის თემაზეა. დევიდ გეილი, რომელსაც კევინ სპეისი ანსახიერებს, სიკვდილმისჯილი პატიმარია და აღსასრულს ტეხასში ელოდება. ტეხასი იმ 33 შტატთაგან ერთ-ერთია, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს. თავად დეილი მსგავსი სასჯელის მოწინააღმდეგეა და მოვლენების ირონიული განვითარების შედეგად აღმოჩნდება მსჯავდებულის სკამზე. მას ბრალად მისი თანამოაზრე ქალის მკვლელობა ედება, რომელიც ასევე სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ იბრძოდა. ამ საქმით ახალგაზრდა ჟურნალისტი, ბითსი ბუმია (ქეით უინსლეტი) დაინტერესებული. ბითსი დევიდის მონათხრობით რწმუნდება, რომ ის უდანაშაულოა და მის გადარჩენას ცდილობს, თუმცა ბოლო მომენტში ბედ-იღბალი (უფრო სწორად, მანქანა J) უმტყუნებს და დევიდ გეილს სიკვდილით სჯიან.


ფინალი საოცარია. ისედაც საკმარისად „დაგასპოილერებთ“ და არ გეტყვით, ზუსტად როგორ სრულდება ფილმი, მაგრამ გეტყვით, რომ გაორებული ვიყავი. ერთის მხრივ, აღვფრთოვანდი, მეორეს მხრივ კი თავი მოტყუებულად ვიგრძენი, რაც არ მომეწონა. აღფრთოვანება რომ დევიდისა და მისი თანამოაზრის სიმამაცემ გამოიწვია და კიდევ იმან, რომ მათმა მცდელობამ რაღაც შედეგი მაინც გამოიღო, ხოლო რაც შეეხება საპირისპირო გრძნობას, მოვიშველიებ კინოკრიტიკოს როჯერ ებერტის მოსაზრებას ამ ფილმის შესახებ „დარწმუნებული ვარ, ამ ფილმის ავტორებს სჯერათ, რომ ფილმი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგაა. მე მჯერა, რომ ის პირიქით, მხარს უჭერს სიკვდილით დასჯას და ახდენს ასეთი სასჯელის ოპონენტების დისკრედიტაციას, როგორც უპრინციპო თაღლითებისას.“ არ მომეწონა აგრეთვე ფილმის ისეთი დეტალები, როგორებიც იყო მოქმედი გმირების არაადეკვატური რეაქციები სხვადასხვა მოვლენებზე, მაგალითად, იმაზე, რომ მათ მთელი ფილმის განმავლობაში ვიღაც უთვალთვალებდათ და მანქანის გაფუჭების სცენა, რამაც ძალიან იაფფასიანი გახადა ყველაფერი.

ეს პირველი განცდა იყო. უფრო საფუძვლიანად გაანალიზება მოგვიანებით ვცადე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ თუ ადამიანი ყოყმანობს, მხარი დაუჭიროს თუ არა სიკვდილით დასჯას, ამ ფილმის ყურების შემდეგ დიდად სავარაუდოა, რომ არა-სკენ გადაიხაროს. მას, ვინც საპატიმროს შეხვედრების ოთახში  შუშის მიღმა ზის, არავინ უყურებს, როგორც ადამიანს, არამედ - როგორც მკვლელსა და მოძალადეს, რომელსაც სამი დღე დარჩენია სიკვდილამდე, მაგრამ რა გრძნობა უნდა დაეუფლოს საზოგადოებას, თუ გაირკვა, რომ ეს ადამიანი უდანაშაულოა? როგორც მემარჯვენე იდეების მომხრეს, ყოველთვის მეცინება, როცა ყველაფერში სისტემას ადანაშაულებენ, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როცა მეც ანტაგონიზმით განვეწყვე მის მიმართ.

როგორც აღვნიშნე, ფილმში მოქმედება ტეხასში მიმდინარეობს. როცა ჯორჯ ბუში უმცროსი ტეხასის გუბერნატორი იყო, მან განაცხადა, რომ თითოეული სიკვდილმისჯილის საქმეს დაწვრილებით და გულმოდგინედ განიხვილავდა, როცა, რეალურად, თითო საქმეზე ის 15 წუთზე მეტს არ ხარჯავდა.  საინტერესოა, ამ მცირე 15 წუთიდან რამდენს უთმობდა ის საქმის გაცნობას და რამდენს - ყავის სმას? ადამიანის სიცოცხლის მოსპობა არ უნდა იყოს ასე ადვილი.  მართალია, მოსაზრება, რომ ადამიანს არ აქვს უფლება, სხვას წაართვას ის, რაც მას არ უბოძებია მისთვის, სოფისტური ლოგიკის ნიმუშია, თუმცა ვფიქრობ, სიკვდილით დასჯის თემას კარგად მიესადაგება, მითუმეტეს, თუ ეს წასართმევი „რაღაც“ სიცოცხლეა. არავინ არის დაზღვეული, რომ სიკვდილმისჯილი უდანაშაულო აღმოჩნდეს და მსგავსი ფაქტები უხვადაა, ამიტომ დაფიქრება გვმართებს, სანამ ვიტვყით, რომ სასიკვდილო განაჩენს ვემხრობით. 


 ნინო დემურია

Tuesday, May 1, 2012

სამოქალაქო ჩართულობა ანუ ისწავლე როგორ შეცვალო



საქართველოს განათლების ერთ-ერთი პრირიტეტია მოზარდებში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება. გადადგმულ ნაბიჯებს შორის შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე:

 1) ეს არის სამოქალაქო განათლების კურსების შემოღება სკოლაში და მოგვიანებით უნივერსიტეტში;
 2) სწავლების მეთოდოლოგიის ცვლილება, აქცენტის გადატანა ჩართულ სწავლებაზე;  ცოდნის მიღებიდან მის გამოყენებაზე.

 კვლევა იმის შესახებ თუ რამდენად წარმატებულია გადადგმული ნაბიჯები, ჯერ არავის ჩაუტარებია. არ ვგულისხმობ ერთჯერადი აქციების დათვლას, რომელიც ხშირ შემთხვევაში შესაძლოა გარკვეული სარგებლის (შეფასების) მიღება ედო სააფუძვლად. დასათვლელია უფრო დიდ პერსპექტივაში რა შეცვალა.

 თუმცა დათვლის გარეშეც ჩანს, რომ საქმე არც თუ ისე კარგად არის. კარგი იქნებოდა მსგავსი ტიპის შეხვედრები (როგორიც ვიდეორგოლშია ნაჩვენები) საქართველოშიც იმართებოდეს და თანაც ხშირად.

 ხვალინდელ ტრეინინგზე, (რომელიც თსუ-ში ორგანიზაცია "ახალგაზრდა ამომრჩეველის ინიციატივით სტუდენტებისთვის ტარდება) სწორედ იმაზე ვაპირებ საუბარს თუ რისი გაკეთება შეუძლიათ და რას უნდა აკეთებდნენ ახალგაზრდები მათთვის და საზოგადოებისთვის.