Monday, October 22, 2012

ტალღა არაფრისგან არ ჩნდება


როგორც წესი, ტალღა მოიაზრება როგორც სივრცეში რაიმე შეშფოთების გავრცელება ნივთიერების გადატანის გარეშე. ტალღაში შეშფოთების ენერგია ვრცელდება მისი წყაროდან, თუმცა ეს თვისებაც აუცილებელი ტალღის არსებოისათვის.

ადამიანის არსებობას, ცხოვრებას მუდმივად სჭირდება გარკვეული სტიმულები, რომლებიც უზრუნვეყოფენ მის მოქმედებას და აქტივობას,შეიძლება ითქვას სოციალურ ცხოვრებას. როდესაც ადამიანს არ გააჩნია მსგავსი მიზანი, რისკენაც მუდმივად ისწრაფვის, ხშირ შემთხვევაში ყალიბდება ასოციალურ პიროვნებად, მუდმივად ჩაკეტილია და საზოგადოებრივ აქტივობებს ჩამოშორებული, არა თუ გარიყულია საზოგადოების მხრიდან, არამედ, თავად აქცევს საკუთარ თავს გარიყულად.

ნებისმიერი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ფორმაციის ჩამოყალიბებაც საზოგადოების ნებაზეა დამოკიდებული. როდესაც საზოგადოების წინაშე დგება საკითხი, რომ მოცემულ დროში არსებული ფორმაცია უნდა შეიცვალოს, ეს იმას ნიშნავს რომ იმ სტიმულებმა, რომლებიც არსებულ ფორმაციას ასულდგმულებდნენ დაკარგეს ფუნქცია, საზოგადოების მასტიმულირებელი ფუნქცია. შესაბამისად, საზოგადოებისთვის სტიმული ხდება არა არსებულის შესანრჩუნება, არამედ ახლის შექმნა, რომ ისევ დაიბრუნოს საზოგადოების მხიდან კმაყოფილების მომგვრელი თვისება.

ფილმი „ტალღა“ ძალიან საინტერესო და ინფორმაციული სურათია. ფილმი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ სტუდენტებისთვის დაუჯერებლია თანამედროვე ეპოქაში გერმანიაში დიქტატურის ჩამოყალიბება, მათი მასწავლებელი, რომელსაც აქვს „ავტოკრატიის კურსი“ ცდილობს დაანახოს მათ რამდენად მარტივია მასების მანიპულირება.
საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ კლასი თავდაპირველად ერთი ჩვეულებრივი კლასია, რომელიც არაფრით გამოირჩევა, თითოეული ამ კლასის სტუდენტი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს და ერთმანეთთან ახლო ურთიერთობაში არ იმყოფებიან.
როდესაც ავტოკრატიის კურსი იწყება მასწავლებელი ცდილობს მოსწავლეების თვალში ლიდერის პოზიციაში ყოფნას, შესაბამისად, მერხებსაც ალაგებს ისე, რომ თითოეული სტუდენტი მას უყურებდეს და მიმართავდეს „ბატონო“-თი, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს მის ლიდერის პოზიციას. თანდათანობით, კლასში ვითარდება ისეთი მოვლენები, რაც სხვა შემთხვევაში, თავად სტუდენტებში ალბათ არასოდეს ჩამოყალიბდებოდა, ამ კურსმა და მაწავლებლის მიდგომის მეთოდმა ჯგუფში საკმაო სოლიდარობის გრძნობა შექმნა, აქ თავდაპირველად თითოეულ სტუდენტს აწუხებდა გარკვეული „კომპლექსები“, რის გამოც არ იყო მიღებული ამ კონკრეტულ სოციალურ ჯგუფში, კურსის შემდეგ ისინი გახდნენ თანასწორნი, მათ ერთნაირადაც კი ეცვათ, გაიზარდა „ჯგუფური სოლიდარობის“ გრძნობაც, თუ შეიძლება ამას ასე დავარქვათ. თითოეული, ვინც ამ ჯგუფის წევრი არ იყო, მოწინააღმდეგედ და დაპირისპირებულ მხარედ აღიქმებოდა, ამ „დაკომპლექსებულმა“ სტუდენტებმა თითქოს ამ კონკრეტულ ჯგუფში იპოვეს თავიანთი ადგილი და საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ ამ ყველაფრის დათმობა ძალიან გაუჭირდათ, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენები მხოლოდ და მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში ვითარდება.
ამ კურსმა შედეგიც არასახარბიელო მიიღო, იმასთან ერთად, რომ მასაწავლებელმა ნამდვილად დაამტკიცა, რომ ახლაც შესაძლებელია დიქტატურის ჩამოყალიბება, ფატალური შედეგებიც მოჰყვა და კლასის ყველაზე გარიყულმა სტუდენტმა, რომელიც კურსის განმავლობაში ყველაზე აქტიურიც კი გახდა, სიკვდილის ფასად დათმო არარეალური მოძრაობა „ტალღა“.
როგორც თავიდანვე ავღნიშნე, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია ადამიანთა მოთხოვნილებები, საზოგადოებას შეიძლება მოთხოვნილება მას მერე გაუჩნდეს, თუ კი მას მისი მიღწევის სტიმულს მივცემთ. ყველაფერი შესაძლებელია თანამედროვე ეპოქაშიც, დიქტატურის დამყარებაც კი, რადგან ყოველთვის შესაძლებელია საზოგადოებისთვის რაღაც სტიმულის მიცემით, მისი აყოლიება.
ამ შემთხვევაშიც, ეს კლასი განვიხილოთ, არა როგორც კლასი, არამედ, როგორც კონკრეტული სოციალური მოცემულობა, ეს სოციალური ჯგუფი შედგება ადამიანებისგან, რომლებიც სწორედ ამ სტიმულის ნაკლებობას განიცდიან, „ლიდერმა“ მათ ეს სტიმული მიაწოდა, შესაბამისად, მათ გაუჩნდათ მოთხოვნილება და მათ ამ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანი აქტიურობა გამოიჩინეს, ამ „საერთო საქმეში“ ყველამ იპოვა საკუთარი თავი და საქმე, თითოეულს ჰქონდა ჯგუფის იმედი, რომ გასაჭირის ჟამს, ჯგუფი მუდამ მის გვერდით იქნებოდა. ეს თითქოს ახდენილ ოცნებას ჰგავდა, მათ ჰყავდათ ქარიზმატული ლიდერი, რომელიც მუდმივად ახერხებდა მათი იდეების გენერირებას, შემდგომ თითქოს მხარს უჭერდა მათ ამ იდეების განხორციელებაში, სინამდვილეში კი ეს იდეები მან მიაწოდა მათ, ლიდერი მუდმივად მანიპულირებდა ჯგუფით. მაშინაც კი, როდესაც ჯგუფს, საზოგადოებას ჰგონია, რომ კონკრეტული მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი მათი ნების გამოხატულებაა, მათ ნებასაც ყოველთვის მართავს კონკრეტული ლოდერი, რომელიც აძლევს სტიმულს, რომ ეს ნება გამოხატოს, სწორედ ის ნება, რომელიც მოცემული მომეტისთვის ამ ლიდერს სჭირდება.
ვფიქრობ, საზოგადოების ნება ყოველთვის არის დამოკიდებული კონკრეტული ლიდერის ნებაზე. საზოგადოება, კი რომელიც მუდმივად განიცდის ფრუსტრაციას, ცდილობს ის იოტისოდენა შანსი გამოიყენოს, როდესაც მის ხმას, მის ქმედებას, რაღაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და იმ კონკრეტული მომენტისთვის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, გამოსადეგ და საჭირო პიროვნებად იგრძნოს თავი. სწორედ საზოგადოების ამ განწყობით მანიპულირებს ზოგადად, პოლიტიკა და პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანები.
ელემენტალურად, როდესაც ადამიანები აქციაზე, მიტინგზე გამოდიან და კონკრეტულ საკითხს აპროტესტებენ, ისინი თვლიან, რომ მათი იქ ყოფნა საჭიროა, რადგან ყველა ერთმანეთის გვერდით უნდა იდგეს, რამეთუ სწორედ ერთიანობასა და სიმრავლეს აქვს ძალა. მეც ზუსტად ასეთი განწყობა მქონდა, როდესაც ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სტუდენტების მიერ, სოლიდარობის გამომხატველ აქციაზე ვიდექი, ვფიქრობდი, რომ მეც საჭირო ვიყავი და ამდენ ათას სტუდენტში, ჩემი იქ დგომა, როგორც ერთი კონკრეტული სტუდენტისა, ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც დანარჩენი ათეულ ათასის. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ ვნანობ ჩემს ამ აქციაზე მისვლას, ვფიქრობ, ჩვენც ვიყავით კონკრეტული პიროვნებების მანიპულაციების ობიექტი, მათ მოგვცეს სტიმული, რომელზედაც ჩვენ მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ.
ფიზიკაში ტალღა არის შეშფოთება, რომელიც ვრცელდება სივრცეში და დროში, როგორც წესი ენერგიის გადატანით. ტალღის მრავალი სახეობა არსებობს, მათი გამომწვევი მიზეზებიც მრავალგვარია, მაგრამ არცერთი ტალღა არ ჩნდება არაფრისგან.
ზოგადად, არაფერი არ ხდება უმიზეზოდ, ყოველი ქმედება არის რეაქცია კონკრეტულ სტიმულზე, ნებისმიერი ტალღა არის რეაქცია ქარზე, ატმოსფერული წნევის ცვალებადობაზე და სხვა.
საზოგადოებრივი ტალღაც რეაქციაა კონკრეტული ძალებისგან მიღებული სტიმულზე. სტიმულები განაპირობებენ რეაქციებს, ისევე, როგორც ქარი განაპირობებს ტალღას.

ტალღა არაფრისგან არ ჩნდება...
თაკო ყურაშვილი

No comments:

Post a Comment